შეხვედრა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის კოორდინატორთან

2016 წლის 22 სექტემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს (ბათუმის მასწავლებლის სახლს) ეწვია პოლონეთის ქ. ვარშავაში მდებარე CNK (Centrum Nauki Kopernik) კოორდინატორი - მაცეი სტანეცკი. კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მასწავლებლების გადამზადებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია ევროპაში, რომელიც ყოველდღიურად 3000-ზე მეტ დამთვალიერებელს იღებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, ნატო მგელაძე - უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების მიმართულებით, გიული მიქელაძე - კოორდინატორი. შეხვედრის დროს განიხილეს აჭარის ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლების CNK-ში ერთკვირიანი სტაჟირების დეტალები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმა - კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში მასწავლებელთა ვიზიტის ორგანიზება. მიმდინარე წლის ოქტომბერში ბათუმის მასწავლებლის სახლი გეგმავს გამოაცხადოს ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი ქ. ვარშავაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებთა გადამზადებას CNK-ში (Centrum Nauki Kopernik) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. კოპერნიკის ცენტრს მასწავლებლებისთვის სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული. მასწავლებელს შეუძლია წინასწარ დაათვალიეროს ექსპონატების აღწერები და გამოიყენოს ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდებული საგანმანათლებლო გეგმები, რომლებიც სხვადასხვა საგნის შემსწავლელთათვისაა შემუშავებული. ასევე საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს შეეძლებათ გაეცნონ გაკვეთილებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდიკას. ტრენინგები სპეციალურ ლაბორატორიებში ჩატარდება.