ქედასა და შუახევში სქემის დანერგვის ტრენინგები დასრულდა

2016 წლის 16 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული „სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ ტრენინგები მე-3 მოდულში: „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება “. ტრენინგები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სქემაში ჩართული ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებისათვის. სულ ამ მოდულში გადამზადდა ქედის სკოლების 239 და შუახევის სკოლების 346 შეფასების ჯგუფის წევრი. მოდულის - „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“ მსმენელები გაეცვნენ: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსსა და მნიშვნელობას; პედაგოგიური კვლევის ეტაპებს; იმსჯელეს თითოეული ეტაპის მნიშვნელობაზე და მისი სწორად წარმართვის გზებზე; გაეცვნენ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, იმსჯელეს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე; გააცნობიერეს კვლევის ეთიკის დაცვის აუცილებლობა კვლევის პროცესში; თუ როგორ უნდა გაფორმდეს პრაქტიკის/სამოქმედო კვლევის ანგარიში; გააანალიზეს პრაქტიკის კვლევის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკა. მოდულის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ პრაქტიკის კვლევის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკებზე დაყრდნობით კვლევის ანგარიშის შეფასებას და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას. ტრენინგებს ატარებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები: თამთა კვარაცხელია, ქეთევან პაპავა-ლობჟანიძე, ლელა თავდგირიძე, ნათია ფხალაძე და ნინო ვაშალომიძე. ქედასა და შუახევში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.