ხულოს სკოლების შეფასების ჯგუფების ტრენინგები დასრულდა

2016 წლის 6 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ეროვნული ცენტრის მიერ გადმოცემული „სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ ტრენინგები მოდულში: „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“ - 5 საათი. მოდული გაიარეს ხულოს საჯარო და კერძო სკოლების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებმა. მსმენელები გაეცვნენ: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსსა და მნიშვნელობას; პედაგოგიური კვლევის ეტაპებს; იმსჯელეს თითოეული ეტაპის მნიშვნელობაზე და მისი სწორად წარმართვის გზებზე; გაეცვნენ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, იმსჯელეს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე; გააცნობიერეს კვლევის ეთიკის დაცვის აუცილებლობა კვლევის პროცესში; თუ როგორ უნდა გაფორმდეს პრაქტიკის/სამოქმედო კვლევის ანგარიში; გააანალიზეს პრაქტიკის კვლევის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკა. მოდულის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ პრაქტიკის კვლევის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკებზე დაყრდნობით კვლევის ანგარიშის შეფასებას და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას. ტრენინგებს ატარებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები: თამთა კვარაცხელია, ქეთევან პაპავა-ლობჟანიძე, ლელა თავდგირიძე, ნათია ფხალაძე და ნინო ვაშალომიძე. ასევე დამატებით ჩატარდა ტრენინგი მოდულში:" მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება" (8 საათი) და მოდულში: „სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება“ (5 საათი) ხულოს სკოლების შეფასების ჯგუფების იმ წევრებისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ტრენინგს ადრე ვერ დაესწრნენ. ეს მოდული ჩაატარეს ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებმა - ნათუია თავდგირიძემ და რამინ შავაძემ. ქედასა და შუახევში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.