ვიზიტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში

2016 წლის 17-20 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი – ირაკლი თავბერიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდნენ პოლონეთში ქ. ვარშავაში, კოპერნიკის საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ "ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მე-5 საერთაშორისო ფორუმში" მონაწილეობის მიღების მიზნით. კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი CNK (Centrum Nauki Kopernik) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია ევროპაში, რომელიც ყოველდღიურად 3000-ზე მეტ დამთვალიერებელს იღებს. ეს პოლონეთში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მასწავლებლების გადამზადებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხში. ცენტრი რამდენიმე მიმართულებით ახორცილებს თავის საქმიანობას: - ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების პროგრამა ახალგაზრდა თაობებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პროექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით; - სპეციალური ტრენინგ-პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის. მასწავლებელს შეუძლია წინასწარ დაათვალიეროს ექსპონატების აღწერები და გამოიყენოს ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდებული საგანმანათლებლო მარშრუტები (ანუ დათვალიერების გეგმები), რომლებიც სხვადასხვა საგნის შემსწავლელთათვისაა შემუშავებული. ტრენინგები მასწავლებელთათვის უფასოა. მთავარია მათი მონდომება, გაეცნონ გაკვეთილებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდიკას. ტრენინგები ტარდება სპეციალურ ლაბორატორიებში, რომლებსაც ზოგჯერ შესაბამისი დარგის კომერციული ფირმები უწევენ სპონსორობას (მაგალითად, BASF-ის ლაბორატორია ქიმიაში). აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმებული პედაგოგების კოპერნიკის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას. რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას, საბოლოოდ კი სკოლებში განათლებისა და მეცნიერების ხარისხის აამაღლებს. ამ მიზნით პოლონეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა და შედგა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციის ოფიციალური შეხვედრა კოპერნიკის ადმინისტრაციასთან. ისინი შეხვდნენ და ესაუბრნენ კოპერნიკის საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ცენტრის დირექტორს - ანა ძიამას, -"ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების“ პროგრამის ხელმძღვანელს - მაცეი სტანეცკის და პროგრამის კოორდინატორს - ანდრეი მასლუნს. შეხვედრაზე ორთავე ადმინისტრაციამ თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრა და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი დააფიქსირეს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, 2017 წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმებული საბუნებისმეტყველო საგნების 15 პედაგოგის სტაჟირება კოპერნიკის სასწავლო -სამეცნიერო ცენტრში.