ისტ-ის ტრენინგები ბიბლიოთეკარებისთვის

2017 წლის 8 თებერვალს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო ახალი ტრენინგ-კურსი - „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის“. 
ტრენინგ-კურსის ორგანიზატორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა. ტრენინგს ატარებს ეროვნული ცენტრის ტრენერი- გვანცა სალია.
ეს არის რიგით მესამე მოდული ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების იმ ბიბლიოთეკარებისათვის, რომელთაც უკვე წარმატებით გაიარეს სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების კურსის ორი მოდული: 
• ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან; 
• საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა.
ტრენინგის მიზანია: ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სასწავლო გარემოს დანერგვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკარების მხრიდან ციფრული კულტურის სკოლაში დანერგვის უზრუნველყოფა.
კურსის ხანგრძლივობა: 24 საკონტაქტო საათი. 8 დღე -3 საათი.
მსმენელთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე შეძლებს: 
• ტექსტურ რედაქტორში მუშაობას
• ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობას
• ინტერნეტის გამოყენებას პროფესიული მიზნებისთვის
• ელექტრონული ფოსტის გამოყენებას
სერტიფიცირების პირობებია: 
• მინიმუმ 18 საათზე დასწრება; 
• ტრენინგით გათვალისწინებული ელექტრონული სასწავლო რესურსების შექმნა.
ბიბლიოთეკარების პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.