შეხვედრა ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში

2017 წლის 11 მარტს ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმში ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა მუზეუმის კოლექტივსა და ბათუმის მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი - თამუნა ორაგველიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მასწავლებლის სახლის ქიმიისა და ფიზიკის ტრენერები, საბუნებისმეტყველო მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია, მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და მუზეუმის თანამშრომლები. თავდაპირველად მუზეუმის თანამშრომლებმა: მაია გათენაძემ და ქეთი ფუტკარაძემ სტუმრებს საინტერესო ექსკურსია ჩაუტარეს. მუზეუმის დაფუძნდა 2007 წელს. აქ 2 000 ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს იმ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც ბათუმში ინერგებოდა XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის I ნახევარში, მათ შორის, ძმები ნობელების, როტშილდებისა და მანთაშევის მეოხებით, რაც დაკავშირებული იყო ჩაის და თამბაქოს კულტურების, აგრეთვე პოლიგრაფიის განვითარებასთან; ხოლო ძმები ნობელების მეშვეობით ბათუმში დაინერგა ნავთობტრანზიტის ახალი ტექნოლოგიები. მუზეუმში ექსპონირებულია ასევე ცნობილ ფოტოგრაფ სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტოები, რომლებიც ასახავს XIX ს-ისა და XX დასაწყისის საქართველოს ყოფას და კულტურას. ექსკურსიის შემდეგ შეხვედრების დარბაზში საქმიანი საუბარი გაიმართა. სტუმრებს მიესალმა მუზეუმის დირექტორი - თამუნა ორაგველიძე. ლალი ლომთათიძემ მონაწილეებს შეხვედრის მიზანი გააცნო: „ჩვენი მთავარი მიზანია მუზეუმში თავმოყრილი უმნიშვნელოვანესი ექსპონატები, მემორიალური ნივთები, უნიკალური ქართული და უცხოენოვანი, ძველნაბეჭდი და იშვიათი გამოცემები გახდეს ეფექტური სასწავლო რესურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის. მუზეუმის კოლექცია მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მოგზაურობა, ისტორია და სხვ. ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის სწორად გამოყენება ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას. მუზეუმის თანამშრომელმა - ვახტანგ ლეჟავამ ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკისა და ქიმიის ტრენერებს გააცნო აქ დაცული ტექნოლოგიები და შესთავაზა მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანმხდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო მიმართულების ტრენერები მუზეუმის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ დაგეგმავენ სამუშაო შეხვედრებს: „სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“.