ბათუმის მასწავლებლის სახლმა სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები დაიწყო

ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდმა, ბათუმის მასწავლებლის სახლმა განაახლა სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, სადაც წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები – პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გავრცელების ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სადაც ტრენერის, როგორც პედაგოგის მუშაობის მეთოდებისა და ხერხების პირდაპირი კომენტირებული ჩვენება ხდება. ვორქშოფის პროცესში მისი მონაწილები შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. სამუშაო შეხვედრებში ჩართულია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. სამოდელო გაკვეთილის დემონსტრირება და მისი განხილვა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ ძირითადი კრედიტების დაგროვებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი აქტივობაა. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. სამუშაო შეხვედრების ჩატარების საკითხი ძალიან გაააქტიურა 2017 წელს სქემაში შეტანილმა ცვლილებებმა. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება დაემატა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა. კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელს ენიჭება 0,5 კრედიტი. ამასთან აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტ-ქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტ-ქულას. ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. ვორქშოფებს კვლავ ჩაატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპისათვის, მიმდინარე წლის მარტში ჩატარდება 9 ვორქშოფი. მათ შორის 5 ვორქშოფი ჩატარდება ბათუმის მასწავლებლის სახლში: ინკლუზიური განათლება, ტრენერი - ინგა ზარანდია; ბიოლოგია, ტრენერი - ნანა ვარდმანიძე; ქიმია, ტრენერი - ნუკრი კობახიძე; ქართული ენა და ლიტერატურა, ტრენერი - მაია მენაბდე; დაწყებითი განათლება, ტრენერი - დალი თურმანიძე. ხოლო 4 ვორქშოფი ჩატარდება აჭარის მუნიციპალიტეტებში: რუსული ენა, ტრენერი - ლალი მსხილაძე (ქობულეთი); ისტორია, ტრენერი - ნიკა იმედაიშვილი (ქობულეთი); ფიზიკა, ტრენერი - ქეთი ბასილაძე (ქედა); ქიმია, ტრენერი - თალიკო ჯაყელი (ქედა). ბათუმში ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. სამუშაო შეხვედრები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში განხორციელდება და ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.