ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში

2017 წლის 29-30 აპრილს და 6-7 მაისს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“. ინკლუზიური განათლების მიზნებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების გამოცდილი ტრენერი - ინგა ზარანდია. ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების პედაგოგები და ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერები. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა პედაგოგიური შეფასება; ეროვნული სასწავლო გეგმა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; პრობლემური ქცევის მართვა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართვის გზები და სწავლების სტრატეგიები; ადაპტირებული გაკვეთილები. ტრენინგის ხანგრძლივობაა 20 საკონტაქტო და 10 დამოუკიდებელი მუშაობის საათი, რაც შეადგენს 1 ECTS კრედიტს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ დამადასტურებელ ცნობას. ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. მსგავსი ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.