სამუშაო შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში

2018 წლის 4 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამული მიმართულების (ბათუმის მასწავლებლის სახლის) თანამშრომლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულების დარგში - ლალი ლომთათიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე, გიული მიქელაძე, მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.

დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულების დარგში ლალი ლომთათიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაგეგმილი აქტივობები. სექტემბერში დაგეგმილია აჭარის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა სტაჟირება პოლონეთში. ოქტომბერსა და ნოემბერში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 2015 წლის 13 ნოემბერს დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი ატარებს ტრენინგებს ბუნებრივის კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების შესახებ და ინკლუზიურ განათლებაში; ასევე ტარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები სკოლის ადმინისტრაციისა და სკოლის პერსონალისათვის. დეკემბერში კი ტრადიციულად დაგეგმილია აჭარის პედაგოგთა რიგით მე-5 რეგიონული კონფერენცია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიზნებია: სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება; კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა. ტრენინგები ტარდება როგორც ბათუმში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტში. ჯგუფების დაკომპლექტება ხდება on-line ან პედაგოგების მიერ ადრე შემოტანილი განაცხადების საფუძველზე. ტრენინგების გარდა სხვადასხვა აქტივობები ტარდება: ვორქშოფები, მასტერ კლასები, რომლებშიც პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში 7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. აჭარის განათლების ფონდი თითოეულ მათგანს მოემსახურება. უკვე აქ ერთდროულად 200-მდე პედაგოგის გადამზადებაა შესაძლებელი.