სსსმ მოსწავლეთა ინტეგრაციის ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლში განახლდა ტრენინგები ინკლუზიურ განათლების მოდულში - „სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“. 
ინკლუზიური განათლების მიზნებია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. 
სკოლამ სათანადო პირობები უნდა შექმნას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსება.
2018 წლის 13-14 და 20-21 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგებს ატარებდნენ ინკლუზიური განათლების მიმართულების  ტრენერები:  თამარ გოგიშვილი  და ლელა თავდგირიძე.
ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო და კერძო სკოლების სქემაში ჩართული პედაგოგები. 
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა პედაგოგიური შეფასება; ეროვნული სასწავლო გეგმა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; პრობლემური ქცევის მართვა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართვის გზები და სწავლების სტრატეგიები; ადაპტირებული გაკვეთილები. 
ტრენინგის ხანგრძლივობაა 20 საკონტაქტო და 10 დამოუკიდებელი მუშაობის საათი, რაც შეადგენს 1 ECTS კრედიტს. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ დამადასტურებელ ცნობას. 
21 ოქტომბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო და მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. 
ინკლუზიური განათლების ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.