აჭარის პედაგოგთა V რეგიონული კონფერენციის საზეიმო დახურვა

2018 წლის 23 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „სპუტნიკის“ საკონფერენციო დარბაზში საზეიმოდ დასრულდა აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. საზეიმო დახურვაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე.

აჭარის პედაგოგთა V კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა ერთ პლენარულ და 7 სექციურ მუშაობას. ორი დღის განმავლობაში 108 მონაწილე პედაგოგმა თავიანთი მოხსენებების პრეზენტაცია წარმოადგინა. სექციურ მუშაობა შემდეგი მიმართულებებით წარიმართა: ქართული ენა და ლიტერატურა; დაწყებითი განათლება, ხელოვნება, სპორტი; ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება; უცხოური ენები; მათემატიკა, ფიზიკა, ისტი; ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება; განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება.

კონფერენციის მესამე დღეს სექციების მუშაობა შეაჯამეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა: მაია ინასარიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია), ნონა პოპიაშვილმა (უცხოური ენების სექცია), რუსუდან თედორაძემ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია), ზაქარია გიუნაშვილმა (ტექნიკური საგნებისა და ისტის სექცია), მაია ბლიაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია). აღნიშნა, რომ წელს, აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.

დასასრულს, წარმოდგენილი მოხსენებებისათვის კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. აჭარის პედაგოგთა V კონფერენციის მაღალი ხარისხით ორგანიზებისათვის სერტიფიკატები ასევე გადაეცა სასტუმრო - "სპუტნიკის" მენეჯმენტსაც.