თხილნარის 1-ლი სკოლის ნორჩ მკვლევართა კლუბის შეხვედრა

2019 წლის 28 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის 1-ლი საჯარო სკოლაში შედგა ნორჩ მკვლევართა კლუბის მორიგი 21-ე  სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა კლუბის 20 წევრი საბაზო საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები: მე-3, მე-6 და მე-7.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა კვლევითი და სოციალური უნარების განვითარება, მცირე ექსპერიმენტების დაგეგმვა და მათი ჩატარება. 
შეხვედრას ორგანიზებას უწევდა კლუბის მეურვე - თხილნარის 1-ლი  საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მზია სალაძე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე  ლალი ლომთათიძე, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და გიული მიქელაძე, თხილნარის 1-ლი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე  ელენე ბათაძე და სკოლის ადმინისტრატორი - ნათელა ქამადაძე. 
დასაწყისში კლუბის მეურვემ მოსწავლეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და გეგმა: 
1. „ჩემი კაშკაშა მოგონება კლუბში“
2. სადემონსტრაციო ცდა - „ფოიერვერკი ჭიქაში“
3. მარილში იოდის კონცენტრაციის შემოწმება - „ხომ არ გვატყუებენ?“ 
4. გრძელვადიანი ცდა - „შევღებოთ თეთრი ვარდი“. 
კლუბის მეურვე ჯგუფებს აძლევდა ინსტრუქციებს განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა განახორციელეს ექსპერიმენტები. ლამაზი სანახაობით ყველა მოიხიბლა და ყველა დავალებას  მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ. ძალიან მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია. მოსწავლეთა მიერ გამოხატული ემოციები ამას აშკარად ადასტურებდა.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დადებითი შეფასება მისცეს კლუბის საქმიანობას. ჩანდა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კვლევითი და სოციალური უნარები. 
სტუმრებმა წარმატება უსურვეს კლუბის წევრებს შემდგომ საქმიანობაში.