გრძელდება ტრენინგი: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგ-პროგრამის: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ მესამე მოდულის: „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ განხორციელებას აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის..
ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობს ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. 
4- და 5 მაისს ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ქეთევან პაპავა, თინათინ კვაჭაძე (ბათუმის მასწავლებლის სახლი); დავით ჩხაიძე,  ნინო დონდოლაძე (ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლა); ნუკრი კობახიძე (დაბა ხულოს საჯარო სკოლა); როინ ნაკაიძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა).
მოდულის  მიზნებია: ხელს შეუწყობს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე. 
ტრენინგ-მოდულის მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
4 მაისს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
ტრენინგს ეტაპობრივად გაივლის აჭარის სკოლებიდან აღნიშნულ მოდულზე დარეგისტრირებული ყველა პედაგოგი.