მასტერ-კლასები გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის

2019 წლის 11 და 12 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის. მასტერ-კლასს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი - მაია ბლიაძე.
მასტერ-კლასის საკითხები: გეოგრაფიული წყაროების  მიზნობრივი  გამოყენება; გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.
მასტერ-კლასის მიზანი იყო სასკოლო საგანის „გეოგრაფიის“ სწავლების დროს  მოსწავლემ შეიმეცნოს ზოგად გეოგრაფიული კანონზომიერებები, საზოგადოებრივ და ბუნებრივ სისტემებს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული უნდა იყოს აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს. 
დასახული ამოცანების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებელმა  გეოგრაფიის სწავლებისას  გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური მეთოდები, რომლებიც მას დაეხმარება მოსწავლეთა საგნობრივი კომპეტენციის ამაღლებაში,  შეძენილი ცოდნის გრძელვადიან  მეხსიერებაში გადატანასა და გამოყენებაში;  მოსწავლეებს  განუვითარებს  ანალიტიკურ და კვლევით უნარ-ჩვევებს.
მასტერკლასები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ სამუშაო მასალებით.
მასტერ კლასების მიზნობრივი ჯგუფები საჯარო და კერძო სკოლებში  მოქმედი მასწავლებლებია. ხანგრძლივობა - 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია 20 მსმენელით. 
11 მაისს მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ირმა მახარაძე.