ქედის მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია

2019 წლის 1 ივნისს ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა ქედის მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია: ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება".
კონფერენცია გახსნა ქედის რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ.
კონფერენციას ესწრებოდნენ: ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე შუქრი თურმანიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნათია თავდგირიძე, ნინო ალანია, რუსუდან წულუკიძე, კახა ჩაკვეტაძე, როინ ნაკაიძე; ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები.
კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება,  მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი: კონფერენციის მონაწილე  მასწავლებლებს   საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კონფერენციაზე წარმოსადგენი მოხსენებების თემატიკა ასე გამოიყურებოდა: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; მშობელთა და საზოგადოების ჩართულობა, გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი.
კონფერენციას სულ 38 მომხსენებელი და 100 მონაწილე ჰყავდა. 
პლენარული და სექციური მოხსენებები შემდეგი მიმართულებით გაიმართა: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენები (ინგლისური და რუსული); საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება); სოციალურ მეცნიერებათა (ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, განათლების მართვა).
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქედის რესურსცენტრი, ხოლო მხარდამჭერები: ქედის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი.
დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.