ხულოს მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია

2019 წლის 8 ივნისს ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გაიმართა ხულოს მასწავლებელთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია:

,,წარმატებული სასწავლო პრაქტიკა და სწავლების ინოვაციური მეთოდები".

კონფერენცია გახსნა ხულოს რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან მაჟორიტარმა დეპუტატმა - ანზორ ბოლქვაძემ და აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ და სექციურ მუშაობას უძღვებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე, ნინო ტავლალაშვილი, რუსუდან წულუკიძე, როინ ნაკაიძე; ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები.

კონფერენციის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

კონფერენციას სულ 29 მომხსენებელი ჰყავდა.

პლენარული და სექციური მოხსენებები შემდეგი მიმართულებით გაიმართა: ქართული ენა და ლიტერატურა, განათლების მართვა; უცხოური ენები (ინგლისური და რუსული) და სოციალურ მეცნიერებათა (ისტორია, სამოქალაქო განათლება); საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება, ისტი, სპორტი).

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ხულოს რესურსცენტრი, ხოლო მხარდამჭერები: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხულოს რაიონული ორგანიზაცია.

დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.