დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები, კერძოდ განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული ტრენინგ-მოდული: "ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება" (I-IV კლ.); 24 საკონტაქტო საათი. 
ეს არის ინტეგრირებული გამოცდა განათლების დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მასწავლებლებისათვის, რომელზეც მსურველთა რაოდენობა ყოველთვის დიდია. 2019 წელს აღნიშნულ გამოცდაზე აჭარიდან დარეგისტრირდა 687 მასწავლებელი.
ამიტომ აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებელის სახლში გადაწყდა საკუთარი რესურსებით შემუშავებულიყო აღნიშნული გამოცდისათვის მოსამზადებელი ტრენინგ-მოდული. რასაც ბათუმის მასწავლებელის სახლის გამოცდილმა ტრენერებმა წარმატებით გაართვეს თავი.  
ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. 
ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელები დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების  ეროვნულ ცენტრში.
ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.
18-21 ივნისს დაიგეგმა ტრენინგები ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) მასწავლებელთა  ორი ჯგუფისათვის. 
ტრენინგებს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები:  ნინო მალაზონია/ნინო ვაშალომიძე; დალი თურმანიძე/მზია სალაძე. 
მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე. 
ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.