სკოლამდელი განათლების ტრენერთა ტრენინგის მეორე მოდული

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის კონკურსის მესამე ეტაპი - ტრენერთა ტრენინგი. 
2020 წლის 24-27 აგვისტოს და 7-9 სექტემბერს ჩატარდა მე-2 ტრენინგ მოდული - „ბავშვის განვითარება“. ტრენინგის ხანგრძლივობა - 28 საკონტაქტო საათი.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.
ტრენინგი ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კონსულტანტმა, ტრენინგ-მოდულების ავტორმა - ნინო ჯიჯავაძემ.
26 აგვისტოს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მ/შ - რუსუდან ქავთარაძე. ტრენინგის  მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები.
შენობაში სრულად დაცულია დანართი #28-ით განსაზღვრული რეკომენდაციები - ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ. კონკურსის ყველა მონაწილეს უტარდება თერმოსკრინინგი. მონაწილეები აღჭურვილი არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - ნიღაბით და ფარით.