ხულოში დაიწყო სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაიწყო ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები. ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენინგ-პროგრამა სულ ექვს მოდულს მოიცავს.

ამ ეტაპზე,  2021 წლის 4 - 9 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა 1-ლი ტრენინგ მოდული: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა. მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

მსმენელთათვის  ონლაინ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის კონკურსის წესით არჩეული ტრენერები: თინათინ გიორგაძე და ქეთევან კვაჭანტირაძე.

1-ლი მოდულის თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; ადრეული განათლების სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტები; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები; ადრეული განათლების კურიკულუმები; თამაშის როლი ადრეულ განათლებაში; ჯგუფში სივრცის მოწყობის ეფექტური მახასიათებლები და სხვა.

ტრენინგის  მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი -  ხატია ბერიძე.

 სკოლამდელი განათლების ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.