კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ხელვაჩურის სკოლებში

აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი 2015 წლიდან ახორციელებს ტრენინგ- პროგრამას: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელიც მოამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ „SAVE THE CHILDREN IN GEORGIA“ - „გადავარჩინოთ ბავშვები”.
2020 წლის  15-16 და 22-23 თებერვალს ბათუმის  მასწავლებლის სახლმა ეს ტრენინგ-კურსი დაგეგმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოთხ  საჯარო სკოლაში: სოფ. ჩაისუბნის საჯარო, სოფ. ქვემო ახალშენის საჯარო, სოფ. ახალშენის N2 საჯარო, სოფ. კირნათის საჯარო.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (სოფ. ჩაისუბნის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა), მზია სალაძე (კირნათის საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ახალშენის N2 საჯარო სკოლა).
23 თებერვალს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: თენგიზ ცისკარაძე და ავთანდილ ლომაძე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ პედაგოგთა სწავლების პროცესს. ისინი ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს; გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. 
ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებულმა პედაგოგებმა უნდა იმუშაონ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ  სკოლები "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.