თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი აჭარის განათლების ფონდში

2018 წლის 10 სექტემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს ეწვია თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში - მაქბულე ქოჩაკი და საკონსულოსთან არსებული თურქული ენის კურსების კოორდინატორი ჰასან დურალი.

სტუმრებს შეხვდნენ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილები - ლალი ლომთათიძე და ვალერი ბერაძე.

უკვე 2012 წლიდან  ბათუმის გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით ფონდში ხორციელდება თურქული ენის სწავლება ზრდასრული მოსახლეობისათვის. ამ წლების განმავლობაში უკვე გადამზადდა 1680 მსმენელი.

ახალი სასწავლო წლიდან თურქული ენის შესწავლა დაგეგმილია 9 ჯგუფში.

მასპინძლებმა დიდი მადლიერება გამოთქვეს თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) მიმართ, რომელმაც 2012 წელს  ა (ა) ი პ “განათლების ფონდის” შენობის რეაბილიტაცია განახორციელა. აგრეთვე TIKA– მ  აჭარის განათლების ფონდს უსასყიდლოდ გადმოსცა სამი  ინტერაქტიული დაფა (smart board).

შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს. მათ შორის გამოცდილების გაზიარება ბათუმის მასწავლებლის სახლსა და თურქეთში არსებულ მასწავლებელთა სახლებს შორის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების მასწავლებელთა სტაჟირების ხელშეწყობა თურქეთში.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა მაქბულე ქოჩაკმა გამოხატა თავისი მზაობა და დიდი სურვილი ხელი შეუწყოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო ურთიერთობის გაღრმავებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აჭარის განათლების ფონდის უფროსი კოორდინატორი - ავთანდილ დიასამიძე, უცხო ენებისა და კომპიუტერის მიმართულების კოორდინატორი - თეონა ჩხაიძე, ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და განათლების ფონდის თურქული ენის პედაგოგები.

შეხვედრის დასასრულს აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ტარიელ ებრალიძემ  თურქეთის გენერალურ კონსულს სამახსოვრო საჩუქარი -  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.