საგნობრივი ვორქშოფები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლმა განაახლა სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები, სადაც წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. ვორქშოფებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
სამუშაო შეხვედრები/ვორქშოფები – პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გავრცელების ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სადაც ტრენერის, როგორც პედაგოგის მუშაობის მეთოდებისა და ხერხების პირდაპირი კომენტირებული ჩვენება ხდება. 
ვორქშოფის პროცესში მისი მონაწილები შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. 
სამუშაო შეხვედრები ასევე არის მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალში, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება. კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელს ენიჭება 0,5 კრედიტი. ამასთან აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტ-ქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტ-ქულას. 
ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. 
ამ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6, 12 და 13 ოქტომბერს ჩატარდა 5 ვორქშოფი.  
ორი ვორქშოფი ჩატარდა ბათუმის მასწავლებლის სახლში: 
ქართული ენა და ლიტერატურა, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი: “მეტყველების ფუნქციურ ტიპებზე მუშაობა”; სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „მეტყველების ტიპები - აღწერა და თხრობა“. მე-8 კლასი;  3 საათი, ტრენერი - ელისო ვადაქარია;
ქართული ენა და ლიტერატურა, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი: ,, მხატვრული ტექსტის გაგება გააზრებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი”, (VI-VII კლასები); „საგაკვეთილო პროცესში მხატვრული ტექსტის გააზრების ეფექტური მოდელები” , (XI-XII კლასები), 4 საათი, ტრენერი - დავით ჩხაიძე;
ხოლო სამი ვორქშოფი ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტში: 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი თემაზე:  სამოდელო გაკვეთილი: ,,პორტრეტი’’; V- Vl კლასი; ჯამში 3 საათი, ტრენერი ხათუნა ლომაძე;
დაწყებითი განათლება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი თემაზე: სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში: ,,შეკრება-გამოკლება 10-ის ფარგლებში. გეომეტრიული ფიგურები“. I კლასი; 2 საათი.  ტრენერი - ლეილა წულუკიძე;
დაწყებითი განათლება, სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი სამოდელო გაკვეთილი თემაზე: „ოსტატის საიდუმლო“ გიორგი ნატროშვილი, 2 საათი, ტრენერი ნინო მალაზონია.
ბათუმში ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ბათუმსა და ქედაში მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და საგნობრივი კოორდინატორი გიული მიქელაძე. 
სამუშაო შეხვედრები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში განხორციელდება და ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.