შეხვედრა საბუნებისმეტყველო საგნების ტრენერებთან

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობისა და საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო სკოლების ლაბორატორიებით მომარაგებას. ლაბორატორიების კომპლექტი შეიცავს 208 დასახელების აღჭურვილობას. სკოლის ლაბორატორიებით აღჭურვა საგაკვეთილო პროცესს უფრო ხარისხიანსა და საინტერესოს გახდის.
აჭარის განათლების ფონდის დირექტორის სახელზე შემოვიდა წერილობითი თხოვნა ქობულეთისა  და შუახევის რესურსცენტრებისაგან, მათ დაქვემდებარებაში მყოფ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს ესაჭიროებათ ტრენინგების გავლა, რათა  შეძლონ ლაბორატორიების  სათანადოდ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
2018 წლის 30 ოქტომბერს აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დირექტორი - ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე  შეხვედნენ საბუნებისმეტყველო საგნების (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) ტრენერებს. შეხვედრაზე განიხილეს რესურს ცენტრების თხოვნა გაკვეთილებზე ლაბორატორიის ეფექტურად გამოყენებისათვის.  გადაწყდა აღნიშნული სკოლების პედაგოგებს ჩაუტარდებათ  სასკოლო ლაბორატორიის გამოყენების ვორქშოფები (სამუშაო შეხვედრები).
2015-2018 წლებში უკვე 17 საჯარო სკოლაა უზრუნველყოფილი ლაბორატორიების კომპლექტით. მათ შორისაა: სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის საჯარო სკოლა; სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა, ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლა, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანის საჯარო სკოლა; სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა; სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა; სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა; სსიპ სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას სკოლა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და გიული მიქელაძე.