სტუმრად მახინჯაურის სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბში

2019 წლის 19 თებერვალს მახინჯაურის საჯარო სკოლაში შედგა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ „ ირმის ნახტომის“ მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა კლუბის 18 წევრი. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა კვლევითი და სოციალური უნარების განვითარება, მცირე ექსპერიმენტების დაგეგმვა და მათი ჩატარება. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე  ლალი ლომთათიძე, საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი  თინათინ ციცხვაია, მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი  ცირა ქობულაძე, დირექტორის მოადგილე  რუსუდან კონცელიძე. 
შეხვედრას ორგანიზებას უწევდა კლუბის მეურვე ქიმიის მასწავლებელი თალიკო ჯაყელი. დასაწყისში კლუბის მეურვემ მოსწავლეებს გააცნო შეხვედრის მიზანი და გეგმა, მიაწოდა ინსტრუქციები განსახორციელებელი აქტივობების შესახებ: 1. „სამურაის სიკვდილი“; 2. „გამოხატე ემოცია“; 3. „ ბუშტი შამფურზე“; 4. „ფერადი ვულკანი“. მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას, მაღალი იყო მათი ჩართულობა და ინტერაქცია. 
შეხვედრა დაიწყო აქტივობა „სამურაის სიკვდილის“ განხორციელებით. ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო ამ აქტივობაში და დიდი ხალისით მოირგეს სამურაის როლი. აქტივობა დაგვეხმარა გაკვეთილების შემდგომ განტვირთვაში. მეორე აქტივობა იყო „ გამოხატე ემოცია“-მონაწილეები დასხდნენ წრეზე, წილისყრით მოუწიათ სხვადსხვა მოვლენის, ფაქტის, ცოცხალი თუ არაცოცხალი სხეულების აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებსაც გამოხატავდნენ მხოლოდ დამახასიათებელი ჟესტიკულაციებითა და მიმიკებით, თამაშს აგრძელებდა ის მოსწავლე, რომელიც უფრო სწრაფად ამოიცნობდა სიტყვის მნიშვნელობას.. აქტივობა დაეხმარა მოსწავლეების გახალისებაში, დაღლილობის მოხსნაში, ეფექტური კომუნიკაციის მიღწევაში. შემდგომი აქტივობა „ ბუშტი შამფურზე“ მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების , გადაწყვეტილებების მიღებისა და დასკვნების გაკეთების უნარების განვითარებას- მოსწავლეებს გაბერილი ბუშტები ისე უნდა აეგოთ წვრილ ჩხირებზე, რომ ბუშტი არ გახეთქილიყო. მოსწავლეთა უმრავლესობას გაუჭირდა დათქმულ დროში დავალების შესრულება( შემდგომში საჭიროა მსგავსი დავალებების ხშირი გამოყენება), მოსწავლეებისათვის განაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მეოთხე დავალების შესრულება. ამ დავალებას ყველა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი. ჯგუფებს დაურიგდათ ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც განახორციელეს ექსპერიმენტები ფერადი ვულკანის მისაღებად. ლამაზი სანახაობით ყველა მოიხიბლა, მოსწავლეთა მიერ გამოხატული ემოციები ამას აშკარად ადასტურებდა. 
შეხვედრის დასასრულ, გაიმართა დისკუსია განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა მაღალი შეფასება მისცეს კლუბური მუშაობის როლს მათი განვითარებისათვის. 
შეხვედრის სტუმრებმა დადებითი შეფასება მისცეს კლუბის საქმიანობას. მათ აღნიშნეს, რომ მაღალი იყო მოსწავლეთა აქტიურობა, ჩართულობა, ინტერაქცია, ჩანდა, რომ მოსწავლეებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული კვლევითი და სოციალური უნარები. სტუმრებმა წარმატება უსურვეს კლუბის წევრებს შემდგომ საქმიანობაში.