ამერიკელი ტრენერის სემინარი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის

2019 წლის 2 მარტს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  LCC-სთან თანამშრომლობით ჩატარდა სემინარი „სწავლების სტრატეგიები ეფექტური ჯგუფური მუშაობისათვის“ კერძო და საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.
სემინარს უძღვებოდა მონტანის (აშშ) უნივერსიტეტისა და  ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  LCC-ს პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი - მაქსინ ლ. პონდი.
სემინარის თემატიკა იყო - ჯგუფური მუშაობა, როგორც  ინგლისური ენის სწავლების კომუნიკაციური მიდგომის მნიშვნელოვანი ასპექტი. სემინარმა საშუალებას მისცა სკოლის დაწყებითი და მაღალი კლასების  მასწავლებლებს გაცნობოდნენ კოლაბორაციული/თანამშრომლობითი  უნარების სწავლების მეთოდებს, რათა შემდეგომ მათ შეძლონ ემოციურად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა საკლასო ოთახში. ეფექტური ჯგუფური მუშაობა მხოლოდ უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი. 
სემინარი მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობას სადისკუსიო დროით, რომლის დროსაც მასწავლებლებმა იმსჯელეს, თუ როგორ გამოიყენონ ეს აქტივობა ეფექტურად თავიანთ კლასებში. 
ყველა მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა სხვებისთვის გაეზიარებინა თავისი „საუკეთესო ჯგუფური აქტივობა“. მათ წინასწარ მიეცათ დავალება,  მოამზადებინათ საკუთარი ყველაზე ეფექტური ჯგუფური აქტივობის დეტალური აღწერა სემინარზე წარსადგენად.
სემინარი იყო ინტერაქტიული. ის მოიცავდა ლექციას, ჯგუფურ სამუშაოსა და დამოუკიდებელ დავალებებს. დასასრულს, სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.