საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd პრეზენტაცია

3 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში გაიმართა „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის“ (G-PriEd) მეორე ნაკადის საინფორმაციო შეხვედრა აჭარა-გურიის 50 საპილოტე სკოლის დირექტორთან. შეხვედრის მიზანი იყო დირექტორებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროექტის მიერ დაგეგმილი საქმიანობის/აქტივობების შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. დირექტორები გაეცნენ იმ ინოვაციებს, რომლითაც დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლება უნდა გაუმჯობესდეს.
სტუმრებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე. 
პროექტის შესახებ ისაუბრეს „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის“ (G-PriEd) ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა და პროექტის კოორდინატორმა - ქეთი ჩაჩხიანმა. 
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) წარმოადგენს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს. G-PriEd-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან USAID-სა და სამინისტროს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული უწყვეტი ტრენინგები მიმდინარეობს.
მოცემულ მომენტში პილოტირების პროცესი მიმდინარეობს 122 საჯარო სკოლაში. 2015 წლის მაისის ბოლოდან დაიწყო პროექტის გაფართოების ფაზა, რაც გულისხმობს დამატებით 500-მდე საჯარო სკოლის ჩართვას პროექტში. 
დასასრულს შეხვედრის მონაწილეებს საბავშვო წიგნები გადაეცეთ.
შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.