ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირება - 2019

დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში.
ფიზიკის 18 მასწავლებელი, რომელიც 2018 წლის 31 მარტიდან - 6  აპრილამდე ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა.
მათ შორის იყვნენ ბათუმის საჯარო სკოლების  ფიზიკის სამი მასწავლებელი: მზევინარ იმედაშვილი (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლა); თამარ გუდავაძე (სსიპ ბათუმის №3 საჯარო სკოლა); დარეჯან მახარაძე (სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა).  აჭარის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
მასწავლებლებმა მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების  - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის, გივი სეხნიაიძის, ვახტანგ ქართველიშვილის, ნუგზარ მოსულიშვილის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. 
პედაგოგებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ცერნში საგანგებოდ მოწვეული ქ. ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას  ფიზიკის სწავლების საკითხებზე. ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები. 
სტაჟირების დასასრულს ცერნის მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
აჭარის ფიზიკის მასწავლებლები მიმდინარე წლის ზამთარში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა  აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  მიერ. 
ბათუმის მასწავლებლის სახლი ამ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია უკვე აჭარის საჯარო სკოლების 12 მასწავლებელმა აიმაღლა.
გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, ბათუმის მასწავლებლის სახლი ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა საგნების პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში მონაწილეობის კონკურსებს.