პროფესიული უნარების ტრენინგები დასრულდა

ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა ტრენინგ-პროგრამის: „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ 1-ლი და მე-3 მოდულების ჩატარება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის. ტრენინგები პარალელურად მიმდინარეობდა ბათუმის მასწავლებლის სახლში და აჭარის მუნიციპალიტეტებში. 
2019 წლის 8 და 9 ივნისს ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ კვაჭაძე, თალიკო ჯაყელი (ბათუმის მასწავლებლის სახლი); თამთა კვარაცხელია (დაბა ქედის საჯარო სკოლა); ნუკრი კობახიძე (დაბა შუახევის საჯარო სკოლა); როინ ნაკაიძე (დაბა ხულოს საჯარო სკოლა).
პირველი მოდულის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიზნებია: მონაწილეებმა შეძლონ: მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების იდენტიფიცირება; თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტების გამოყენება; მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით დიფერენცირებული მიდგომის შემუშავება; მონაწილეებმა შეძლონ მოსწავლეებში მოტივაციის შექმნისა და ამაღლების მნიშვნელობის ახსნა; მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება. მასწავლებელმა შეძლოს: მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სასწავლო პროცესში გათვალისწინება; კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპების გაკვეთილზე გამოყენება, რაც მოსწავლეებს ახალი ცოდნის აგებასა და ახლებური შეხედულებების ჩამოყალიბაში დაეხმარება.
მესამე მოდულის - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ მიზნებია: ხელს შეუწყოს მონაწილეებს გააცნობიერონ სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობა; გამოიმუშაონ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო პროფესიული უნარები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად; გაეცნონ სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას და, შესაბამისად, მათ მიერ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. 
ორივე ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობაა ორი ექვსსაათიანი სატრენინგო დღე; მოცულობა: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი; 1 კრედიტი. 
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.
8 ივნისს ხულოში, ხოლო 9 ივნისს ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ბათუმში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
აღნიშნული ტრენინგ-პროგრამა შემოდგომიდან გაგრძელდება და მას ეტაპობრივად აჭარის სკოლებიდან აღნიშნულ მოდულებზე დარეგისტრირებული ყველა პედაგოგი გაივლის.