ტრენინგი „ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე“

2019 წლის 13  სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ქიმიის პედაგოგებისათვის  ჩატარდა ტრენინგი ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე. ტრენინგი ჩაატარა განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა - დავით სონღულაშვილმა.
ქიმიის   ვირტუალურ   ლაბორატორიას  გააჩნია   ორგვარი ფუნქცია: იმუშაოს, როგორც ვირტუალურ გარემოში, ასევე სათანადო კომპონენტების და სენსორების არსებობის შემთხვევაში რეალურ გარემოშიც. რაც იმას გულისხმობს, რომ   რეალურ ვითარებაში ცდების ჩატარებისას, მონიტორზე აისახოს   მოცემული ცდის თანმხლები  უხილავი  მოვლენების ვიზუალიზაცია.  
თანამედროვე ციფრული ლაბორატორიებისაგან განსხვავებით,   რომელიც მხოლოდ გრაფიკების ასაგებად და ცხრილების შესადგენად არის განკუთვნილი,   სადაც არ ჩანს მოვლენის ფიზიკური შინაარსი,    აღნიშნული ლაბორატორიის    ძირითად განმასხვავებელ ფაქტორს წარმოადგენს  სწორედ ქიმიური მოვლენების წინა პლანზე წამოწევის უნარი.
ლაბორატორიამ  საშუალება  უნდა  მისცეს  მასწავლებელს/მოსწავლეს  პრაქტიკული რეალური ექსპერიმენტის დროს მიღებული მონაცემები ასახოს ვირტუალურ ლაბორატორიაში, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს სათანდო მეცნიერულად არგუმენტირებული დასკვნები.
ვირტუალური ლაბორატორია არის ბათუმის მასწავლებლის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი ახალ სასწავლო წელს. ტექნიკა დამონტაჟდა  ბათუმის მასწავლებლის სახლის ლაბორატორიაში.
ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ქიმიის ტრენერები: ნუკრი კობახიძე, თალიკო ჯაყელი და ბათუმის სკოლების ქიმიის პედაგოგები.