მათემატიკის უფროსი მასწავლებლების ტრენინგები დაიწყო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დაიწყო ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-12 ივლისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნინო ვაშალომიძე.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: მათემატიკის სასკოლო კურიკულუმის ძირითადი კომპონენტები; სასკოლო კურიკულუმის შექმნის და განვითარების მეთოდოლოგია; მათემატიკის დაწყებითი საფეხურის ცალკეული საკითხების სწავლების სპეციფიკა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის; კითხვის სტრატეგიების გამოყენება ტექსტური ამოცანების ამოხსნისას; მათემატიკური შინაარსის, საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

✅ ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები“,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე.

ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება მათემატიკური შინაარსის დავალებებზე მუშაობისას; მათემატიკის საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირების დაგეგმვა; კომპიუტერული პროგრამების - GeoGebra, Desmos გამოყენება სწავლების პროცესში; ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასების, თანამშრომლობითი სწავლების და დიფერენცირებული სწავლების მიზნით; ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით; ისტ-ის გამოყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორები: თინათინ ციცხვაია და ხატია ბერიძე.