ტრენინგი ესტონური განათლების მოდელზე

საქართველოში ხორციელდება პროექტი - გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის (2021–2022 წ.წ.).

საქართველოს მასშტაბით პროექტი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 100 სკოლას.

პროექტის მიზანია: ესტონური გამოცდილების გაზიარებით, ქართველი პედაგოგების შესაძლებლობების განვითარების გზით მოსწავლეების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით. დაგეგმილია პროექტში ჩართული 100 სკოლის დირექტორებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგების გადამზადება. ტრენინგები ტარდება ჰიბრიდულად, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ.

მიმდინარე წლის 19-21 ნოემბერს ტრენინგი ჩატარდა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი). ტრენინგს ატარებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბუნებისმეტყველების ექსპერტი მარინა ჭელიძე.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სამ-სამი პედაგოგი ათი ბათუმის საჯარო სკოლიდან და ბათუმის მასწავლებლის სახლის დაწყებითი განათლების მიმართულების ტრენერები.

სატრენინგო თემატიკა: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება; საკლასო მენეჯმენტი; განმავითარებელი შეფასება; ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები; სასწავლო რესურსები.

სამდღიანი პირისპირ განხორციელებული ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.