სკოლამდელი განათლების ტრენინგი ბათუმში
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.
✅ 2022 წლის 18-20 და 25-27 ნოემბერს ქ. ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ტრენინგ-კურსის 1-ლი მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“.
✅ ონლაინ ტრენინგს „ზუმის“ პლატფორმაზე ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მზია სალაძე. მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.
✅ 1-ლი მოდულის თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები, პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.
✅ 25 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძე.
✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.