აჭარის პედაგოგთა VI რეგიონული კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა
2019 წლის 22 დეკემბერს, ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეს“ საკონფერენციო დარბაზში საზეიმოდ დასრულდა აჭარის პედაგოგთა მეექვსე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო სასწავლო-მეთოდური იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით.
საზეიმო დახურვაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას - პედაგოგებს, ექსპერტებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას VI რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.
კონფერენციის მესამე დღეს სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა: მაია ინასარიძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია), ნონა პოპიაშვილმა (უცხოური ენების სექცია), რუსუდან თედორაძემ (დაწყებითი განათლების სექცია), ნუგზარ მოსულიშვილმა (ტექნიკური საგნებისა და ისტის სექცია), კახაბერ ჩაკვეტაძემ (საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექცია). ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ წელს, აჭარის პედაგოგთა VI კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი. ფართო იყო კონფერენციის მონაწილეთა გეოგრაფიული არეალიც, სადაც წარმოდგენილი იყო აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი.
კონფერენციის მესამე დღე გახსნილი იყო თავისუფალი მსმენელებისათვის აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან. კერძოდ, რესურსცენტრების მიერ შერჩეულმა 9 პედაგოგმა შეძლო დასწრებოდა სექციურ მუშაობას; დასკვნით, შემაჯამებელ სხდომას, ისადილოს მონაწილეებთან ერთად და გამოემგზავროს.
დასასრულს, წარმოდგენილი მოხსენებებისათვის კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
აჭარის პედაგოგთა VI კონფერენციის მაღალი ხარისხით ორგანიზებისათვის სერტიფიკატები ასევე გადაეცა სასტუმრო - "კასტელო მარეს" მენეჯმენტსაც.
ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აჭარის მასწავლებელთა ტრადიციული VI სასწავლო-მეთოდური კონფერენცია.