ფიზიკის მასწავლებელთა 2025 წლის ცერნში სტაჟირება დასრულდა

✅ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში - CERN დასრულდა ქართველი მასწავლებლების სტაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში. ფიზიკის მასწავლებლები, რომლებიც 2025 წლის 6-12 მარტს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ.

✅ აჭარიდან ცერნში იყვნენ ფიზიკის მასწავლებელთა 2025 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: -თამარ ანანიძე (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); გულნარა ვერძაძე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); მირანდა ხაჯიშვილი (სსიპ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი) და ლევან ქათამაძე (შუახევის მუნიციპალიტეტის სსიპ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი). აჭარის ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე სახელმწიფო ენების (ქართული, აფხაზური), უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამის მიმართულებით - ედუარდ მიქელაძე.

✅ მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.

✅ მათ მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების: ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

✅ სტაჟირების დასასრულს, მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა  ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

✅ აჭარის ფიზიკის მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირება სრულად დაფინანსდა  აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  მიერ. ცერნში სტაჟირების პროგრამას ბათუმის მასწავლებლის სახლი 2016 წლიდან ახორციელებს.