პროექტ-გაკვეთილის მონიტორინგი ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2024 წლიდან ახორციელებს ახალ პროექტს სახელწოდებით  -  "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა.

✅ 2024 წლის 25 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე იმყოფებოდა ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის მონიტორინგზე ბათუმის 1-ელ საჯარო სკოლაში. პროექტ-გაკვეთილის გეგმიურ საგნობრივ მონიტორინგს ახორციელებდა განათლების ფონდის მათემატიკის ტრენერი - ეკატერინე თურმანიძე.

✅ პროექტი - „პარკის ციფრული მოდელირება“, რომლის ავტორია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი - ნანა სიხარულიძე, მისი მიზანი არის: გეომეტრიული მოდელირების  ციფრული ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ინტეგრირება მცირე ზომის პარკის ტერიტორიის ციფრული წარმოდგენების შესაქმნელად.

✅ პროექტის ამოცანებია:

  • მოსწავლეებმა აწარმოონ განზომილებიანი გამოთვლები და დაადგინონ, როგორ უკავშირდება განზომილებიანი გამოთვლები რეალურ სამყაროში არსებულ სიტუაციებს;
  • გაძლიერდეს მოსწავლეთა ცოდნა ზომების, სიგრძის, ფართობისა და მოცულობის გამოთვლაში შესაბამისი გეომეტრიული ფორმულების გამოყენებით;
  • მოსწავლეებში განვითარდეს სივრცის მოწყობის უნარი და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოსწავლეებმა შეძლონ დაამყარონ კავშირი კლასში ნასწავლ თეორიულ გეომეტრიულ ცნებებსა და რეალურ სამყაროში მათ პრაქტიკულ გამოყენებას შორის.

✅ პროექტ-გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა. მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში და წარმოადგინეს ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციები. ისინი ავლენდნენ თეორიული  საკითხების ცოდნას და აკავშირებდნენ მას პრაქტიკულ დავალებასთან. 

✅ გაკვეთილის დასრულების შემდეგ ჩატარდა მოსწავლეთა ფოკუს-ჯგუფის გამოკითხვა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი არის წარმატებული, მასში ყველა აქტიურად არის ჩართული და ისურვებდნენ მის გაგრძელებას.