ფიზიკის მასწავლებლების CERN-ში სტაჟირება დასრულდა

2016 წლის 11 სექტემბრიდან - 17 სექტემბრამდე სამი ფიზიკის მასწავლებელი აჭარიდან - მერაბ დიასამიძე, ლარისა ქოქოლაძე და იამზე ხალვაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN).
მასწავლებლები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება წელს პირველად სრულად დააფინანსა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე.
ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. 
გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.
5 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში საქართველოდან კვალიფიკაცია 100- ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა. 
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ასევე გეგმავს ქიმიისა და ბიოლოგიის საგნების პედაგოგებისთვის კონკურსის ჩატარებას კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობისათვის.