ბათუმის სკოლების შეფასების ჯგუფების ტრენინგები დასრულდა

2017 წლის 22 იანვარს ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ეროვნული ცენტრის მიერ გადმოცემული „სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ ტრენინგები. მესამე მოდული: „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“ (5 საათი) გაიარეს ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო და კერძო სკოლების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებმა. მსმენელები გაეცვნენ: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსსა და მნიშვნელობას; პედაგოგიური კვლევის ეტაპებს; იმსჯელეს თითოეული ეტაპის მნიშვნელობაზე და მისი სწორად წარმართვის გზებზე; გაეცვნენ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, იმსჯელეს მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე; გააცნობიერეს კვლევის ეთიკის დაცვის აუცილებლობა კვლევის პროცესში; თუ როგორ უნდა გაფორმდეს პრაქტიკის/სამოქმედო კვლევის ანგარიში; გააანალიზეს პრაქტიკის კვლევის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკა. მოდულის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ პრაქტიკის კვლევის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკებზე დაყრდნობით კვლევის ანგარიშის შეფასებას და განმავითარებელი რეკომენდაციების გაცემას. ტრენინგებს ატარებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები: ქეთევან პაპავა-ლობჟანიძე, ნათია ფხალაძე, ნინო ვაშალომიძე, ლელა თავდგირიძე და თამთა კვარაცხელია. ტრენინგების მსვლელობას ადგილზე გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს უწყვეტად ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.