სამუშაო შეხვედრები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს/ვორქშოფებს, სადაც წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებსა განათლების მართვის აქტუალურ საკითხებში. ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. სამუშაო შეხვედრების ჩატარების საკითხი აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება დაემატა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა. კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელს ენიჭება 0,5 კრედიტი. ამასთან აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტ-ქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტ-ქულას. ვორქშოფებს კვლავ ჩაატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა 9 ვორქშოფი. მათ შორის 5 ვორქშოფი ჩატარდა ბათუმის მასწავლებლის სახლში: სამოქალაქო განათლება, ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი; ინგლისური ენა, ტრენერი - დალი აბურჯანია; გეოგრაფია, ტრენერი - ლუიზა რევიშვილი; ბუნებისმეტყველება, ტრენერი - თამილა თალაკვაძე; დაწყებითი განათლება, ტრენერი - დალი თურმანიძე; განათლების მართვა, ტრენერი - თამთა კვარაცხელია. 4 ვორქშოფი ჩატარდა აჭარის მუნიციპალიტეტებში: დაწყებითი განათლება, ტრენერი - ნინო ვაშალომიძე (ქედა); მუსიკა, ტრენერი - თამარ ძველაია (ქედა); ფიზიკა, ტრენერი - ნატო ზამთარაძე (ქედა); სპორტი, ტრენერი - გივი კერესელიძე (ხულო). ბათუმში ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. სამუშაო შეხვედრები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში განხორციელდება და ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.