ქართველ და აფხაზ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

2017 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა ქართველ და აფხაზ მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მიზანი იყო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა დარეგულირების საქმეში ახალგაზრდა შემოქმედთა როლის გააქტიურება. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ქალთა საერთაშორისო სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბი „ბათუმი“ და ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის ქართველ და აფხაზ მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრები. ნაშრომებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა მხატვრების სალომე ხაბაძისა და ელენე ჭაღალიძის რამოდენიმე ტილო იქვე შეიძინეს.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ქალთა საერთაშორისო სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბ „ბათუმი“-ს ხელმძღვანელი - ნათელა დუმბაძე, აჭარის მთავრობის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ავთანდილ ბერიძე და ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ერმაკოვი. სახალხო დიპლომატიის გამოყენების მიზნით დაფუძნებული პროგრამის „ქართულ-აფხაზური საგა“-ს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი კლუბის ხელმძღვანელს - ავთანდილ ბოლქვაძეს, ფერიის საჯარო სკოლის დირექტორს - ლეილა დუმბაძეს. ასევე სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის აფხაზური ენის მასწავლებლები: ადა ქუთელია და ლიანა აიკუცბა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა), ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - რუსუდან ქავთარაძე (უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა), განათლების ფონდის კოორდინატორი - გიული მიქელაძე. 2017 წლიდან აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის უცხო ენების შემსწავლელ უფასო კურსების პროგრამას აფხაზური ენა დაემატა.