ცერნში ფიზიკის მასწავლებელთა სტაჟირება დასრულდა
ფიზიკის 3 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, ბათუმში დაბრუნდა.
2018 წლის 8 აპრილიდან - 14 აპრილამდე ბათუმის საჯარო სკოლების სამი ფიზიკის მასწავლებელი - დონარი გეგიძე, მარინა გობაძე და დიმიტრი ბერია იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში არსებულ ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN). ჯგუფს ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე.
ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებლებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები.
მათ ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის, გივი სეხნიაიძის, ვახტანგ ქართველიშვილის, ნუგზარ მოსულიშვილის სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
სტაჟირების დასასრულს ცერნის მასწავლებელთა პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.
ფიზიკის მასწავლებლები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ.
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ამ პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს.
3 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია უკვე აჭარის საჯარო სკოლების 9 მასწავლებელმა აიმაღლა.