პროფ. მანანა თანდაშვილის მასტერკლასი ქართული ენის მასწავლებლებისათვის

2019 წლის 6 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგის პროფ. მანანა თანდაშვილის მასტერკლასი - „ქართული ენის ციფრული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში“ ქართული ენის მასწავლებლებისათვის.
ქართული ენისათვის წლების მანძილზე იქმნებოდა და იხვეწებოდა ტექნოლოგიური სისტემები, კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიული რესურსების ავტომატური დამუშავების პროგრამები, კერძოდ  „ქართული ენის ეროვნული კროპუსი“ (ქეეკ). აღნიშნული რესურსი შეიქმნა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორების იოსტ გიპერტისა და მანანა თანდაშვილის ინიციატივით და მასში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ქართველმა მეცნიერმა და ახალგაზრდა მკვლევარმა. რესურსი იქმნებოდა 15 წლის განმავლობაში, დღეისათვის იგი  მასშტაბური რესურსის სახით არის ჩადებული ინტერენტში და ღია მოხმარებისაა. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სპეციალისტებს, ისე ქართული ენის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს. 
მასტერკლასის ფარგლებში მასწავლებლები გაეცვნენ ქართული ენის ციფრულ რესურსებს, შეისწავლეს მისი გამოყენება და იმსჯელეს ქართული ენის ეროვნული კორპუსის ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებზე. 
ასევე გაეცვნენ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილ ვიზუალიზაციის მეთოდებს და იმსჯელეს მათი შესაძლო ინტეგრაციის შესახებ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. 
მასტერკლასის მონაწილეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ენის ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის შესაძლო ფორმების  შემუშავების პროცესში, რამაც ინტერაქტიულობა მიანიჭა და გაცილებით ეფიციენტური გახდა მასტერკლასი. 
მასტერკლასი 4-საათიანია და განკუთვნილი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი და  წამყვანი  მასწავლებლებისათვის.
მასტერკლასის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - ხატია ბერიძე და გიული მიქელაძე