ტრენინგი: „უსაფრთხოება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში“

2019 წლის 27 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი: „უსაფრთხოება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში“.
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტი - ზურაბ ბერია. 
ეს არის ექვსსაათიანი ტრენინგი, რომლის მონაწილეებს ეგზავნებათ წინასატრენინგო საკითხავი მასალა. 
ტრენინგ-მოდულის მიზანია გააცნოს მონაწილეებს მოსალოდნელი საფრთხეები საბუნებისმეტყველო საგნების: ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის სწავლებისას და მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხეების თავიდან აცილების გზებისა და პირველადი დახმარების ღონისძიებების  შესახებ.
ტრენინგი ასევე მიზნად ისახავს გააცნოს მონაწილეებს უსაფრთხოების ზოგადი ნორმები და საგნის სწავლებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები; დაეხმაროს მონაწილეებს გააცნობიერონ მათი დაცვის მნიშვნელობა თავიანთ ყოველდღიურ პრაქტიკაში; მიაწოდოს ინფორმაცია საჭირო აღჭურვილობისა და რესურსების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოებისა და საველე გასვლების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის; გააცნოს უსაფრთხოების ზოგადი და სპეციფიური სიმბოლოები საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემის
მიხედვით; ასწავლოს რისკების შეფასება და მოსალოდნელი პრობლემების პრევენცია ლაბორატორიული სამუშაოსა და საველე გასვლის დაგეგმვის დროს.
ტრენინგის ბოლოს მონაწილე შეძლებს:
• საგნის სწავლების თანმხლები საფრთხეების ამოცნობას და შეფასებას, შესაბამისი ზომების მიღებას მათ თავიდან ასაცილებლად;
• მოსწავლეებთან თანამშრომლობით, ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების შემუშავებას და  დაცვას; 
• უსაფრთხოების სიმბოლოების იდენტიფიცირებას და საჭიროებისამებრ გამოყენებას;
• ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირებასა და შენახვის ადგილის/პირობების განსაზღვრას;
• საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგნების ტრენერები და ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგები.
ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
    ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) 7-12 კლასის მოქმედი მასწავლებლებისათვის.