ტრენინგი: „სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში“

2019 წლის 28-29 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლის ორგანიზებით ქ. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში ჩატარდა „სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში“.
ტრენინგს ატარებდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტი - ზურაბ ბერია. ტრენინგის სამიზნე ჯგუფია VII-XII კლასების მოქმედი ფიზიკის მასწავლებლები, რომელთაც გაიარეს ტრენინგი „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში“.
ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: ორი ხუთსაათიანი სატრენინგო დღე. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.  
ტრენინგ-მოდულის მოცულობა კრედიტ ქულებისა (ECTS) და საათების (საკონტაქტო და არასაკონტაქტო) რაოდენობის მითითებით: 0,5 კრედიტი - 10 საკონტაქტო და 2,5 არასაკონტაქტო საათი.
ტრენინგ-მოდულის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობის გააზრებაში, დაანახოს მათ ექსპერიმენტების ჩატარების მნიშვნელობა ფიზიკის სწავლა-სწავლებაში, პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსების გამოყენების შესაძლებლობები, აჩვენოს ამ რესურსების გამოყენებით სხვადასხვა ექსპერიმეტის ჩატარების შესაძლებლობა. 
მონაწილეები გაეცნობიან 21-ე საუკუნის მთავარი გზავნილის - უსაფრთხო ექსპერიმენტების ჩატარებას - ძირითად მიდგომებს, გააცნობიერებენ, რომ მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება უნდა მოხდეს სისტემურად - ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ჭრილში, როგორებიცაა ამოწურვადი და განახლებადი ენერგიისწყაროები, გარემოს დაცვა, ეკოლოგიური პრობლემები, ადამიანის ჯანმრთელობა.
ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს, საგაკვეთილო პროცესში უფრო აქტიურად გამოიყენონ ექსპერიმენტით სწავლების კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გლობალური კომპეტენციების განვითარებას.  
მოდულის ბოლოს მონაწილე შეძლებს:
    გამოიყენოს სამეცნიერო მეთოდი, როგორც ფიზიკის კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საშუალება, სწავლების, დიფერენცირებისა და შეფასების მიზნით;
    დანერგოს სასწავლო პრაქტიკაში საკვლევ შეკითხვაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
    ფიზიკის სწავლებისას გამოიყენოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონკრეტული მეთოდები: ვებ-ძიება, რეალური და ვირტუალური ლაბორატორიები;
    გამოიყენოს შეფასების რუბრიკები განმსაზღვრელი შეფასების მიზნით;
    21-ე საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაფასებლად დაგეგმოს ექსპერიმენტი ტრენინგზე შეძენილი ცოდნის გამოყენებით. 

ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ფიზიკის ტრენერები - ქეთევან ბასილაძე და მერაბ გობაძე;  ბათუმის სკოლების პედაგოგები.
29 სექტემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
 ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება აჭარის სკოლების ფიზიკის მოქმედი მასწავლებლებისათვის.