ახალი ტრენინგი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი მუდმივად ზრუნავს აჭარის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის მიზანია: სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება; კვალიფიციური კადრების მომზადებისა და პროფესიაში შენარჩუნების ხელშეწყობა.
2019 წლის 5-6 ოქტომბერს, აჭარის მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის პედაგოგებისა და აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების თხოვნით ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ახალი ტრენინგი კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობაზე. 
ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი და მოდულის ავტორი - მარიზა აბაშიძე. 
ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა” მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; კლას-საათის დაგეგმვა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
ორივე დღეს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ანა ლორია, ნათია თავდგირიძე; და ბათუმის სკოლების  პედაგოგები.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.