ტრენინგი მასწავლებლებისათვის - „სკოლებში ბულინგის პრევენცია“

22-23 თებერვალს, 29 თებერვალს და 1 მარტს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი მასწავლებლებისთვის და კლასის დამრიგებლებისთვის: “სკოლებში  ბულინგის  პრევენცია  და  ტოლერანტული  კულტურის განვითარების ხელშეწყობა“.
აღნიშნული ტრენინგ-მოდული შეიმუშავა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: პრობლემის გამოკვლევა, გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები; ძალადობის სახეები; ძალადობრივი ქმედებების იდენტიფიცირება; ოჯახში ძალადობა; ბავშვზე ძალადობა, ბავშვის უფლებები, მოვალეობები და ფასეულობები; ტოლერანტობის კულტურის განვითარება ბულინგის პრევენციის განხორციელებისთვის; ტოლერანტობა და მისი გავლენა სხვების საქციელზე; სტიგმა და სტერეოტიპი; კულტურათა შორის ურთიერთობა; ძალადობის, ბულინგის პრევენცია; ბულინგის მიზეზების ანალიზი; კონფლიქტის მოგვარების გზები; ბულინგის პრევენციის საკლასო და სასკოლო გეგმის შემუშავება; პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნა; ბულინგის პრევენციის სასკოლო პროექტების შექმნა. 
ტრენინგი ჩაატარა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერმა - კახაბერ ჩაკვეტაძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ აჭარის სკოლების პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. რაც ECTS - 1 კრედიტია.
22 თებერვალს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი - მაია ინასარიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - შუშანა სურმანიძე, ფრანკფურტის (გერმანია) გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი - მანანა თანდაშვილი.
ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - გიული მიქელაძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.