სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა  შესარჩევი კონკურსის მე-3 ეტაპი


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის 18 აგვისტოს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებელთა სახლში) დაიწყო ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის კონკურსის მესამე ეტაპი - ტრენერთა ტრენინგი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი. 
შენობაში სრულად დაცულია ,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისისის № 01-227/ო  ბრძანების დანართი #28-ით განსაზღვრული რეკომენდაციები - ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ. კონკურსის ყველა მონაწილეს უტარდება თერმოსკრინინგი. მონაწილეები აღჭურვილი არიან ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - ნიღაბით და ფარით. 
ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენინგ-პროგრამა 6 მოდულს მოიცავს. ამ ეტაპზე,  2020 წლის 18 - 23 აგვისტოს, ჩატარდა 1-ლი ტრენინგ მოდული - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“. ტრენინგის ხანგრძლივობა - 24 საკონტაქტო და 20 არასაკონტაქტო საათი.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; ადრეული განათლების სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტები; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები; ადრეული განათლების კურიკულუმები; თამაშის როლი ადრეულ განათლებაში; ჯგუფში სივრცის მოწყობის ეფექტური მახასიათებლები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა.
ტრენინგი ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კონსულტანტმა, ტრენინგ-მოდულების ავტორმა - ნინო ჯიჯავაძემ.
19 აგვისტოს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე. ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი თამარ ორაგველიძე. სხვა მოდულებში ტრენერთა ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება.