ტრენინგები ქართული ენის (7-12 კლ.) უფროსი მასწავლებლებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 5-14 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები (ქართული ლიტერატურა  მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში)“, ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე და თინათინ გიორგაძე.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: ლიტერატურული პროცესების ანალიზი, ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების გააზრება მსოფლიო ლიტერატურული პროცესების ჭრილში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების ეფექტიანობის ანალიზი და პრაქტიკასთან მათი დაკავშირება.

ტრენინგ-მოდულის საკითხებია: ძველი ქართული მწერლობა (კერძოდ, დავით გურამიშვილის შემოქმედება) ბიბლიისა და შუასაუკუნეობრივი ესთეტიკის კონტექსტში; ნიკოლოზ ბარათაშვილი და მსოფლიო რომანტიზმი; მეოცე საუკუნის დასაწყისის მწერლობა  და ამ პერიოდში მიმდინარე მსოფლიო ლიტერატურული პროცესები (ცისფერყანწელები, გალაკტიონი, ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“); 21-ე საუკუნის უნარჩვევები - ახალი გამოწვევები განათლებაში - კრიტიკული და შემომედებითი აზროვნება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ურთიერთმიმართება.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.

✅ აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.