დასრულდა უფროს მასწავლებელთა ტრენინგები ზოგადპროფესიულ უნარებში

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 3-12 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის  მოქმედი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის.

ტრენინგს - „თანამედროვე მიდგომები სწავლებაში“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მირანდა გორგოშიძე (29-30 სექტემბერი; 1, 3-9 ოქტომბერი); ნათია ფხალაძე (29-30 სექტემბერი; 1, 4-8, 11-12 ოქტომბერი); ლელა თავდგირიძე (1, 3-11 ოქტომბერი). ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი

მოდულის მიზანია: მონაწილეები გაეცნობიან დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებს, რომელთა სასწავლო პროცესში გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, მათში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. მონაწილეები შეძლებენ განხილული სტრატეგიების გამოყენებას სასწავლო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

  ტრენინგის თემატიკა: დიფერენცირებული სწავლებისა და კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპები; მოსწავლეებში სოციალური და მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიტიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი, მეტაკოგნიტური) გასავითარებელი სტრატეგიები და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობები.

მონაწილეთა  შეფასების კომპონენტებია:

  • რეფლექსური დღიური -  მონაწილეები საკითხავ მასალაზე და ათივე სესიაზე განხილულ საკითხებზე დაყრდნობით წერენ რეფლექსიას წინასწარ მიწოდებულ რეფლექსიის კითხვებზე დაყრდნობით.
  • საშინაო დავალებები პორტფოლიოსთვის -  ასრულებენ ხუთ საშინაო დავალებას, თითო საშინაო დავალება ფასდება მაქსიმალური 10 ქულით.
  • შემაჯამებელი ტესტი

✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.