დასრულდა ტრენინგები მოდულში - „ბავშვის განვითარება“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დასრულა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგების მეორე ეტაპი.

2021 წლის 10-12 და 17-19 დეკემბერს, აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა მე-2 ტრენინგ-მოდული: „ბავშვის განვითარება“.

ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 31 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე (ბათუმი), მზია სალაძე (ქობულეთი), რიტა ნაკაშიძე (ხულო), ქეთევან კვაჭანტირაძე (შუახევი) ირმა გივრაძე (ქედა).

 მე-2 მოდულის საკითხებია: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.

 17 დეკემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და პროგრამის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.

✅ 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.