სამუშაო შეხვედრა ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტთან

2022 წლის 16 აპრილს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული  ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტის და სახელმძღვანელოების ავტორის, მაია ბლიაძის სამუშაო შეხვედრა აჭარის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების (1-6 კლ.) პედაგოგებთან.

შეხვედრა გახსნა განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით - ლალი ლომთათიძემ. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე. მან მადლობა გადაუხადა ეროვნული ცენტრის ექსპერტს აჭარაში სამუშაო ვიზიტის დაგეგმვისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი გეოგრაფიისა და  ბუნებისმეტყველების (1-6 კლ.) პედაგოგები და აჭარის განათლების ფონდის ტრენერები: ლუიზა რევიშვილი, მზია სალაძე, დალი თურმანიძე.

შეხვედრაზე ექსპერტმა განხილა   2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გეოგრაფიისა და  ბუნებისმეტყველების სტანდარტში მიმდინარე ცვლილებები. სამუშაო შეხვედრის  მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  ამ საგნებში მომზადებული რესურსების თაობაზე. ექსპერტმა ისაუბრა გეოგრაფიის მოქმედი სახელმძღვანელოებისა და  იქ მოცემული კომპლექსური დავალებების გამოყენების  შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ  მდგრადი განვითარების მიზნებსა  და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სწავლების მნიშვნელობას  გეოგრაფიის გაკვეთილზე, ასევე  ახალ დამხმარე რესურსებსა და სახელმძღვანელოებს: „გარემოსდაცვითი და აგრარული  განათლება სკოლაში“, „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ და სხვა.

ექსპერტმა და სახელმძღვანელოების ავტორმა მაია ბლიაძემ აჭარის განათლების ფონდის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა დამხმარე სახელმძღვანელო - „გარემოსდაცვითი და აგრარული  განათლება სკოლაში“, რომელიც რვა ტომისაგან შედგება.

ეს არის მრავალფეროვან აქტივობათა კრებული, რომელიც განკუთვნილია  დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის და მისი მიზანია დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეებისათვის  (1-6 კლასები) გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება.  სახელმძღვანელო  ეფუძნება 2018-2024  წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას. მასში წარმოდგენილია 8  თემა, რომელიც მოიცავს     თეორიულ  მასალას და  შესაბამის მრავალფეროვან აქტივობებს  და კომპლექსურ დავალებებს.  თითოეულ თემას  თან ერთვის დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების  სტანდარტით   განსაზღვრული  მკვიდრი წარმოდგენები, მოცემულია  თუ რა ცოდნას შეიძენს მოსწავლე და რა უნარების განივითარებას უწყობს ხელს თემის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობები და დავალებები. სახელმძღვანელოს თან ერთვის ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი  და მწვანე კალენდარი.

აჭარის განათლების ფონდი უზრუნველყოფდა აღნიშნული სამუშაო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ორგანიზაციის ფბ-ის გვერდზე. შეხვედრის ჩანაწერის ხილვა მსურველებს ასევე შეუძლიათ იხილონ ორგანიზაციის საიტზე ატვირთულ ვიდეოებში.